News
პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სტაგნაციის მიუხედავად ამბასადორი ჯგუფი აგრძელებს ბიზნესის გაფართოებას და თავისი წვლილის შეტანას ქართული ეკონომიკის გამოცოცხლებასა და განვითარებაში. მიუხედავად არსებული სირთულეებისა, ამბასადორი ჯგუფი არაერთ მასშტაბურ პროექტზე მუშაობს და შემდეგი 2 წლის მანძილზე მრავალ სიახლეს ჰპირდება მომხმარებელს.
ამბასადორი ჯგუფის გაფართოება სხვადასხვა მიმართულებებით არის დაგეგმილი, მათ შორის არის: ახალი 200-ნომრიანი კორპუსი ამბასადორი კაჭრეთში, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და შემეცნებითი საზაფხულო ცენტრი მოზარდებისთვის, ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ღვინის ქარხანა, ამბასადორის თანამედროვე ბალნეოლოგიური ცენტრი ბათუმში და სასტუმროს ახალი 90-ნომრიანი კორპუსი მაღალმთიან აჭარაში, კურორტ გოდერძიზე.
გურჯაანის რაიონის სოფელ კაჭრეთში, ამბასადორის სასტუმრო კომპლექსი უკვე მრავალი წელია წარმატებით ფუნქციონირებს. ტერიტორიაზე განთავსებულია 182-ნომრიანი ორი კორპუსი, გოლფის მოედანი, შიდა და ღია აუზები, სპა, საცხენოსნო, სასროლეთი, ბოულინგ კლუბი, ჩოგბურთის კორტები, კალათბურთის და ფეხბურთის მოედნები და მრავალი სხვადასხვა ტიპისა და შინაარსის სივრცე. ამბასადორი კაჭრეთის ახალი კორპუსი 40 000 მ2 ფართობზე განლაგებულ, 9 სართულზე გადანაწილებულ, თანამედროვე დიზაინის 200 ნომერს გააერთიანებს.
სასტუმროს ახალ კორპუსში დამატებით 4 საკონფერენციო დარბაზი განთავსდება, ასევე - რესტორანი, ბარი, ლობი-ბარი, სავარჯიშო დარბაზი, შენობის ბოლო სართულზე დაპროექტებული ღია საცურაო აუზი ულამაზესი ხედებით და სპა, რომლის ანალოგიც არ არსებობს ამ კუთხეში. კომპლექსის ახალი კორპუსის გახსნა, 2 წელიწადში, 2023 წელს იგეგმება. ის ჯამში 300 თანამშრომელს დაასაქმებს, რომელთა დიდი ნაწილი სოფელი კაჭრეთისა და გურჯაანის რაიონის ადგილობრივი მოსახლეოება იქნება.
ჩვენი ჯგუფის კიდევ ერთი სიახლე და სრულებით ახლებური საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა ადგილას შემეცნებითი და სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროგრამის სინთეზით ყოველწლიურად ასობით ბავშვს უმასპინძლებს.
ცენტრი 6000 მ2-ზე იქნება განთავსებული და ის გათვლილია როგორც ქართველ, ისე უცხოელ მოსწავლეებზე. ბავშვებისთვის შექმნილი სპეციალური პროგრამა ითვალისწინებს პროფესიონალების მიერ შედგენილ სხვადასხვა სპორტულ ვარჯიშს (ჩოგბურთი, ფეხბურთი, კალათბუთი, ცურვა და ა.შ.), ჯანსაღ კვებას და შემეცნებით აქტივობებს.
ჩვენი ჯგუფის კიდევ ერთი უმსხვილესი საინვესტიციო პროექტი ამბასადორის მეღვინეობაა. ღვინის ქარხანას თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი ახალი შენობა დაემატა, რომელიც ღვინის წარმოების ყველა მსოფლიო სტანდარტს აკმაყოფილებს. 5000 მ2-ზე განთავსებული ქარხანა იტალიელი სპეციალისტების მიერაა დაპროექტებული, წარმადობით კი 800 000 ბოთლის ჩამოსხმა შეუძლია წელიწადში. ამბასადორის ღვინოები განკუთვნილია როგორც ადგილობრივი ისე საექსპორტო ბაზრებისთვის, ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ კომპანია აქტიურად მუშაობს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებაზე. ქარხანა გურჯაანის რაიონში, სოფელ კაჭრეთში მდებარეობს. პირველ ეტაპზე, მეღვინეობა ღვინის ჩამოსხმას ევროპული ტექნოლოგიით გეგმავს, თუმცა სამომავლოდ ვენახების გაფართოება და ღვინის დაყენება ქართული ტრადიციული ქვევრის მეთოდითაც იგეგმება. ქარხანაში დასაქმებულ პირთა დიდი ნაწილი ადგილობრივი მოსახლეობა იქნება, რაც დამატებით წვლილს შეიტანს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაში. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიას დიდი გეგმები აქვს ადგილობრივი მოსახლეობის და თანამშრომლების გადამზადებისა და მათთვის პროფესიული ვორქშოპების ჩატარების კუთხით, რაც კიდევ უფრო მეტად გაზრდის საბოლოო პროდუქტის ხარისხსა და მასზე მოთხოვნას.
შემდეგი მსხვილი საინვესტიციო პროექტი ამბასადორი გოდერძის კომპლექსის ახალი შენობაა, რომელიც 2022 წლის დასაწყისში გაიხსნება. ამბასადორის რიგით მესამე სასტუმრო საქართველოში 2021 წლის 1 მარტს გაიხსნა მაღალმთიანი აჭარის ულამაზეს კურორტ გოდერძიზე. სასტუმრო თანამედროვე დიზაინის და ევროპული სტანდარტების 122 ნომერს, სპას, აუზს, რესტორნებს, ბარებს, კლუბს, საბავშვო სივრცეს, სათხილამურო მაღაზიას და ყინულის მოედანს აერთიანებს. სასტუმროს სტუმრებს აქ ყველაფერი დახვდებათ დაუვიწყარი დასვენებისა და გართობისთვის: ულამაზესი ტერასა, ზღაპრული ხედები, თოვლით დაფარული მთები და რა თქმა უნდა, უმაღლესი ხარისხის მომსახურება. სასტუმრო მდებარეობს კურორტის შუაგულში, საბაგიროს წინ და გამორჩეულ გამოცდილებას სთავაზობს სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულებს.
12 500 მ2 ფართობის 6-სართულიანი ამბასადორი გოდერძის ახალი შენობა 90-მდე ნომერს გააერთიანებს და დამატებით დაახლოებით 100-120 თანამშრომელს დაასაქმებს. სასტუმროში სტუმრებისთვის იფუნქციონირებს აუზი, რესტორანი, პარკინგი, ორი საკონფერენციო დარბაზი, სპა, საუნა და სავარჯიშო დარბაზი.
და ბოლოს, ამბასადორი ბათუმი, ამბასადორი ჯგუფის მომავალი 2 წლის ყველაზე დიდი საინვესტიციო პროექტია. მისი დასრულება 2 წელიწადში იგეგმება. შენობის არქიტექტურასა და დიზაინზე იტალიელმა არქიტექტორმა იმუშავა. თანამედროვე დიზაინისა და უმაღლესი სტანდარტის ბალნეოლოგიური ცენტრი 250 თანამშრომელს დაასაქმებს და მასში განთავსებული იქნება სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს რესტორნები, სპა, აუზი, საკონფერენციო დარბაზები, ღია კაფე, სტეფანო რიჩის მაღაზია, სპორტული დარბაზი და ვერტმფრენის ასაფრენი მოედანი.